logo
ENG



პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვაზე ცვლილებათა პაკეტი III მოსმენით დაამტკიცა

22 დეკ 202116:03
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვაზე ცვლილებათა პაკეტი III მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვაზე ცვლილებათა პაკეტს III მოსმენით მხარი დაუჭირა. 

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; რეკლამის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საგადასახადო კოდექსში და სხვა. 

ცვლილებათა პაკეტი ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ მოამზადა. 

რას ითვალისწინებს ცვლილებები

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა.

კანონდარღვევა პირველ ჯერზე ორგანიზატორის 10 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 20 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს

ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს.

შეიქმნება აკრძალულ პირთა სია. 

ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა.

დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ. 

კანონპროექტის მიხედვით: 

დამოკიდებულ პირთა სიას და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება:

ა) თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანის თაობაზე;

ბ) სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 5 წლის ვადით.

4. დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში. 

5. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით; 

განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის შესახებ განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი ადამიანი, თამაშის შემთხვევაში, პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში - 20 ათასი ლარი. იგივე ოდენობის ჯარიმებია განსაზღვრული იმ დაწესებულებისთვის, ვინც დამოკიდებულ პირს სათამაშოდ დაუშვებს. 

იგეგმება, რომ დამოკიდებულთა და ასაკრძალი პირების სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, თამაშის აკრძალვა კი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. 

ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსშიც. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ: 

  • ფიზიკური პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 10 პროცენტით. 
  • პირის მიერ ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სისტემურელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 2 პროცენტით. 

იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია, მაგალითად, კანონპროექტში წერია, რომ: 

  • რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა; 
  • იქ, სადაც მიმდინაროებს სპორტული ღონისძიება, კომპანია კი არის სპონსორი; 
  • რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე;

კანონპროექტში წერია, რომ "დაუშვებელია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრა 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს". 

აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;

  • რეკლამა ვრცელდება მხოლოდ აზარტული თამაშობის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის ან/და ბინგოს მოწყობის ობიექტის შიდა პერიმეტრზე.
  • ტელემაუწყებლობის დროს რეკლამა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ესა თუ ის სათამაშო ბიზნესი არის არხის ან გადაცემის სპონსორი. 

ხმოვანი რეკლამა დაშვებულია სპორტული თამაშის ტრანსლაციის დროს, მაქსიმუმ 10 წამის ოდენობით 1 საათში. 

რეკლამის წესების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესი 10 000 ლარით დაჯარიმდება. 

კანონპროექტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ეხება სპორტულ ფსონებს. 


close დახურვა